სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
234678
91011131415
1819202122
23242526272829
3031 

გენდერული თანასწორობის საბჭო: წესდება

მარტვილის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის

საბჭოს დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №11 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის „მარტვილის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს“ (შემდგომში - საბჭო).

2. საბჭო არის მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო–საკონსულტაციო ორგანო, რომელიც ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.

3. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №11 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

4. საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილებები, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

 

მუხლი 2. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი

 

1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და  ფუნქციებია:

ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით მარტვილის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება და  შესრულების უზრუნველყოფა;

გ) მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარდგენა;

ე) საკანონმდებლო აქტების პროექტებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;

ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან/და მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის განხორციელება და შეფასება გენდერული თვალსაზრისით;

ზ) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების  შემუშავება  და დაგეგმვა;

თ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამის    რეკომენდაციების მომზადება;

ი) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია  საქართველოს  კანონმდებლობის  შესაბამისად;

კ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, მათზე  რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა;

მ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად;

ნ) საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება და მისი საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოსთვის გაგზავნა.

 

2. საბჭო უფლებამოსილია:

ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს მარტვილის მუნიციპალიტეტი;

ბ) გენდერული  თანასწორობის  საკითხების  შესწავლისა  და  განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი  ექსპერტები;

გ)  განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

 

მუხლი 3. საბჭოს  სტრუქტურა

 

1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის  მოადგილის,  საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან.

2.  საბჭოს თავმჯდომარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები, საბჭოს  შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები,  ექსპერტები და მეცნიერები.

4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

5. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა 40%–ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წარმომადგენელი

6. მარტვილის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.

 

მუხლი 4. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის  წესი

 

1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას.

2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით - საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.

5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

7. საბჭო იკრიბება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით.

8. საბჭოს სხდომების ორგანიზებას და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოს საბჭოს მდივანი.

9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

10. საბჭოსსხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

11. საბჭოს მიერ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს.

 

მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის  ორგანიზაციულ-ტექნიკური  უზრუნველყოფა

 

საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

ასევე იხილე კატეგორიაში - გენდერული თანასწორობის საბჭო:
ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00